ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე


ივესალმებით გარემოსდაცვით ცნობიერებას! 16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ და იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად დავფიქრდებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი დედამიწის დასაცავად. 
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე 1987 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც მონრეალის ოქმი შეიქმნა. იმ დროისათვის მსოფლიო ყოველწლიურად 2 მილიონ ტონა ოზონდამშლელ ნივთიერებას  მოიხმარდა. ამ ქიმიკატებს იყენებდნენ სოფლის მეურნეობაში, ფარმაკოლოგიაში, სამაცივრო და ავეჯის წარმოებაში. ბევრის აზრით, მათი გამოყენების აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
2007 წელს მონრეალის ოქმის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს (წქფნ) - ოზონის შრისათვის ყველაზე სახიფათო ნივთიერებას, წარმოებიდან და მოხმარებიდან ამოიღებდნენ. განვითარებულმა ქვეყნებმა მათი გამოყენება 80%-ით შეამცირა. 
ეს იმედის მომცემი შედეგია, თუმცა ოზონის შრის დაცვა კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მეცნიერების ვარაუდით, ოზონის შრეს საფრთხე ისევ ემუქრება.  
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას დავიცვათ ოზონის შრე 
საქართველოს მონაწილეობა ოზონის შრის დაცვაში: 1996 წელს საქართველო ვენის კონვენციასა და მონრეალის ოქმს შეუერთდა. ამით ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება ოზონ-დამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების შესაღებ. 2007 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ოზონის შრის დაცვის სფეროში. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის მიერ ამ საქმიანობაზე გამოყოფილმა დაფინანსებამ 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით საქართველომ, რომელიც წელიწადში 22.5 ტონამდე ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს მოიხმარდა, 2008 წლისათვის სრულიად ამოიღო ეს ნივთიერებa ხმარებიდან.
გაეროს განვითარების პროგრამისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ ერთობლივად ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგებს მიაღწია:
  • შეიქმნა და აღჭურვილ იქნა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი.
  • უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია.
  • სამ პროფესიულ სასწავლებელში მაცივარ-ტექნიკოსის სასწავლო პროგრამა დაინერგა, რის შედეგადაც ყოველწლიურად 45 სტუდენტი იღებს შესაბამის პროფესიულ განათლებას.
  • 800-მა ტექნიკოსმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
  • შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის. 200-მა მებაჟემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მაცივარაგენტების იდენტიფიცირების საკითხებში.
  • ჩვიდმეტმა კომპანიამ და ორგანიზაციამ ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე გადაიყვანა.
2009 წელს შემუშავდა ათწლიანი გეგმა დანარჩენი ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების შესახებ, რომელიც 2011-2020 წლებში განხორციელდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907, Sophie.Tchitchinadze@undp.org

No comments:

Post a Comment